ფისურების კარიესი
კბილების რეგულარული გახეხვა ეფექტურია, თუმცა რჩება ადგილები, რომელთა სრულყოფილად გასუფთავებაც ჯაგრისს არ შეუძლია.
ფისურების კარიესი გავრცელებული კარიესის ფორმაა, რომელიც შესაძლოა კბილების არასწორმა გაწმენდამ გამოიწვიოს.
ფისურები კბილის საღეჭ ზედაპირზე განთავსებული ღარებია, რომლებიც ბაქტერიებისათვის მოსახერხებელ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენენ. ბაქტერიები შაქრის შემცველი საკვებისა და სასმელების მიღების შემდეგ, კბილის რთულად გასასუფთავებელ ადგილებში მრავლდებიან და კარიესს წარმოქმნიან.
შესაძლო კარიესის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სტომატოლოგთან ვიზიტი, რომელიც ფისურებს სპეციალური მაჰერმეტიზებელი საშუალებით - სილანტით ამოავსებს. ყველაზე ეფექტურია ეს პროცედურა მაშინ, როდესაც მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება. სილანტის გამოყენება კარიესის პრევენციისთვის ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება.
ფისურების დაცვის საუკეთესო საშუალება 3-დან 5-წლამდე ძლებს. ამის მიუხედავად, მკურნალ ექიმთან ვიზიტი და მათი მთლიანობის პერიოდულად შემოწმება აუცილებელია.